კონტაქტი

ძიება

სინდისი - სამოქალაქო აქტივისტის იარაღი

  • გაზიარება:
post-title

„ჰერაკლიტეს ტექსტში შეგიძლიათ წაიკითხოთ ფრაზა: ელვა მართავს სამყაროს. ეს ნიშნავს რომ ის, რაც ხდება რეალურად, ან კანონიერად, ელვისებურია“ - მერაბ მამარდაშვილი „საუბრები ფილოსოფიაზე“

მამარდაშვილის მიერ ხსენებული „ელვა“ არის წამიერი მომენტი, როდესაც ეს წამი არ უნდა გაუშვას ადამიანმა ხელიდან, ვინაიდან მაშინ ხდება ინდივიდისა და ჭეშმარიტების შეხვედრა. შესაძლებელია, გაელვებები ხშირად ხდებოდეს, თუმცა პიროვნება მას ვერ ამჩნევდეს. ე. ი „შეხვედრა“ არ შედგეს.

საზოგადოებრივმა პროტესტმა ბოლო პერიოდში ხელოვნური სახე მიიღო. მეტწილად საზოგადოება წინასწარ დიდი ხნის წინ დაგეგმილ აქციაზე გადის, სადაც გაჟღერებული საკითხები თუ პრობლემები, თითქოს იმდენად პოპულარული ან იმ მომენტისთვის რელევანტური არ არის, რამდენადაც იყო მაშინ, როდესაც ეს აქტი ხორციელდებოდა. მეტწილად ამ მიზეზითაა განპირობებული მათი პასიურობა, თუმცა არის სხვა მიზეზებიც, როგორიცაა: შიში, უიმედობა და ა.შ

ირგვლივ ისმის წუხილი, რომ ხალხი არ დადის აქციებზე, რომ ხალხი შეეგუა ამ რეალობას, რომ დაიღალა ამდენი აქციებით და ა.შ.

რეალურად, ის მიტინგები რაც იმართება სხვადასხვა ჯგუფის მიერ, არ არის ხალხის ხმა. შესაძლებელია კონკრეტული მოთხოვნები ასახავდეს საზოგადოების აზრს, თუმცა ის მაინც არ იყოს ინდივიდის გამოძახილი. შესაძლებელია მე მაწუხებდეს რაღაც და აქციის ორგანიზატორიც ზუსტად იმ საკითხს ეხებოდეს, თუმცა მე მაინც არ ვარ მისი ნაწილი, რადგან თითქოს ჩემი ადგილი დაიკარგა, თითქოს ჩემი ხმა უმნიშვნელოა.

რატომ შეიძლება ადამიანი თავს უცხოდ გრძნობდეს აქციაზე?

რადგან ის არ აღიქმება როგორც ხმა, არამედ როგორც მასის ერთი უბრალო ნაწილი. ეს იგრძნობა და ყველაზე მეტად სწორედ „უბრალო“ მონაწილე გრძნობს, თუ როგორ უყურებს აქციის ორგანიზატორი თუ სიტყვით გამომსვლელი.

აუცილებელია მიტინგის მთავარი წარმართველი იყოს იდეა, რომელიც იქნება ამოზრდილი სინდისიდან, როგორც შინაგანი ღმერთიდან და იგი უნდა წარმართავდეს  თვითრეგულირებად უწყვეტ პროტესტს, რომელსაც ექნება იმაზე მეტი ძალა, ვიდრე დაგეგმილ და „ჭკვიანების“ მიერ დალაგებულ აქციას.

ინდივიდის ხმა არის იგივე სინდისის ხმა, რომელიც „ელვისებურად“ მოქმედებს, თუ იმ მომენტში ადამიანი გარკვეული მიზეზებით თავს იკავებს საკუთარი აზრის გამოხატვისგან, ეს „ელვა“ წყდება.

საქართველო ახლა, ისე როგორც არასდროს ახლოსაა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან, თუმცა ამავდროულად ხელისუფლების თითქმის ყველა, მაღალი თუ დაბალი რანგის ჩინოვნიკი სწუხს ამ ფაქტით. ხელისუფლების პირიდან გამოედინება რუსული დეზინფორმაცია, რაც საქართველოს ეროვნული ინტერესების პირდაპირი ხელშეშლა, ჩვენი კურსის, ისტორიისა და გმირების აბუჩად აგდებაა.

რატომ ელოდება საზოგადოება კონკრეტულ დღეს იმისთვის, რომ ხელისუფლების მხრიდან წამოსული მოღალატეობრივი კასკადი გააპროტესტოს?

პასუხი მარტივია, საზოგადოებას სინდისის ხმა არ ესმის.

დღეს, თითოეული ადამიანი უნდა იქცეს სამოქალაქო აქტივისტად, რომელიც გააპროტესტებს ნებისმიერ ანტიევროპულ ნაბიჯს, ოღონდ გააპროტესტებს არა სხვისი მითითებით, არამედ იმიტომ რომ, რაღაცამ რასაც „შინაგან ღმერთსაც“ უწოდებენ, ანიშნა არ დამორჩილებოდა კულტურის მიერ ბოძებულ ყალბ სიმშვიდეს და ეყვირა ხმამაღლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის.

 DW Georgian police oust protesters blocking parliament | News | DW | 19.11.2019

20 ივნისს იგეგმება აქცია სადაც საზოგადოება ერთხმად კიდევ ერთხელ იტყვის, რომ სურს იყოს ევროპის ნაწილი, თუმცა ეს მოწოდება არ უნდა იყოს ერთჯერადი. ხელისუფლების ნებისმიერი ანტიევროპული მოწოდება საზოგადოების მხრიდან ხმამაღლა უნდა გაპროტესტდეს და ამას არ უნდა სჭირდებოდეს გარედან მითითება. ჩვენ უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავის მოსმენა, რათა თავად გავარჩიოთ კარგი ცუდისგან და შავი თეთრისგან. ადამიანს სხვისი დაძახების გარეშეც უნდა ესმოდეს, თუ რა არის გასაპროტესტებელი და უნდა გადიოდეს გარეთ, კლავიატურისგან მოშორებით.

სინდისის ხმის უგულვებელყოფა გამოიწვევს საზოგადოებრივ კატასტროფას, სადაც ერთმანეთს ვეღარ გავუგებთ. მოგვიწევს დავემორჩილოთ ძალით შექმნილ სისტემურ კულტურას და ვიქცეთ მის უსიცოცხლო წევრებად.

არჩევანი გვაქვს და ის უნდა გამოვიყენოთ. გონება გვაქვს და უნდა ჩავრთოთ ამ პროცესებში, რადგან ახლა წყდება საქართველოს ბედი და ჩვენზეა დამოკიდებული ჩვენი გმირების გზით გავაგრძელებთ სვლას, თუ მტრების მიერ შემოგდებულ მყრალ ჭაობში ჩავეფლობით.

ლაშა ჯანჯღავა

ლაშა ჯანჯღავა