კონტაქტი

ძიება

სიჯიუტის მანიფესტი

  • გაზიარება:
post-title
მთავრობის ანტი-დასავლურმა განცხადებებმა, ივანიშვილის ქონებაზე მკერდით გადაფარებულმა პოლიტიკოსებმა საბოლოოდ გააშიშვლეს საქართველოს სახელმწიფო სისტემის ყალბი სახე. სახელმწიფო ემსახურება ერთ ადამიანს და არა საზოგადოებრივ ინტერესებს.
ნორმად ქცეული ძალადობის კულტურა საჯარო სივრცისგან რიყავს ადამიანს და სახელმწიფო ჩინოვნიკებს ავტორიტარიზმის შენების შეუზღუდავ შესაძლებლობას აძლევს. შიში, მორჩილება და უნდობლობა თავისუფალ და თანასწორ ურთიერთობას შეუძლებელს ხდის.
საყოველთაო ნიჰილიზმი სოციალურ ქსელებში გვკეტავს, გამოგონილ რეალობაში გვაცხოვრებს, გვაშორებს რეალურ პროცესებს.
თავისუფალი, მეგობრული და ძლიერი საზოგადოება შეუძლებელია გამოხატვის თავისუფლების, თვითმმართველობისა და რეალური გადაწყვეტილებების პროცესში მონაწილეობის გარეშე.
სხვადასხვა ასაკის, პროფესიის, ინტერესების მქონე ადამიანები ყოველდღე, 21:00სთ-ზე ვიკრიბებით პარლამენტის წინ და მოვითხოვთ:
  • გამოხატვის თავისუფლებას
  • ნამდვილ თვითმმართველობას
  • სამართლიან კანონებს
  • სამართლიან არჩევნებს
  • თანასწორობას კანონის წინაშე
  • მთავრობის საქმიანობის რეალურ კონტროლს
  • გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეების რეალურ ჩართულობას
ყოველდღე ერთი საათით ჯიუტად შეკრება ჩვენი გამოხატვის ფორმაა. ჯიუტის სივრცე ყველასთვისაა, ყველა აქტიურ ადამიანს სცემს პატივს და იწვევს პროტესტში მონაწილეობის მისაღებად.
თბილისში თუ ხართ, იარეთ პარლამენტთან. სხვა ქალაქში ხართ? შექმენით თქვენი ჯიუტი კამპანია.
ჩვენ ჯიუტად შევქმნით სოლიდარულ, თანასწორ, უსაფრთხო სივრცეებს ყველა მსურველისთვის.
ჯიუტ ადამიანს არ სჭირდება სამართლიანობის მზომელი, გარდა საკუთარი სინდისისა, არ ჰყავს ლიდერი, გარდა საკუთარი თავისა და მანამ არ გაჩერდება, სანამ დასახულ მიზანს არ მიაღწევს.
ლაშა ჯანჯღავა

ლაშა ჯანჯღავა