კონტაქტი

ძიება

სად არის ხმა?

  • გაზიარება:
post-title

საერთო საცხოვრებლის „პირსაბანის“ რიგში მდგომი ფიქრობ, როგორ შეცვალო შენი მატერიალურად დუხჭირი რეალობა, ცალ ხელში საპონი და მეორეში პირსახოცი არ გაძლევს თავიდან წამოსული აზრების კონცენტრაციის საშუალებას.

გძულს, ის ვინც შენს წინაა რიგში. გძულს, ის ვინც შენს გაჩენაში მიიღო მონაწილეობა. გძულს, ყველა და ყველაფერი. შენი ფანჯრიდან მზე მხოლოდ ჩადის და გძულს ის, ვისი ფანჯრიდანაც მზე ამოდის.

-ვინ არის ამ ყველაფერში დამნაშავე?

-უხმოობა ( საკუთარ თავს პასუხობ)

ჩვენში ხმა დაიკარგა. ადამიანის ხმა იქცა წყეულ მითად,  რომელიც რთულია გაარჩიო ნამდვილად იყო თუ არა.

ჩვენში ხმას აზრი დაეკარგა. როგორ ხარ?

  • კარგად, შენ?

რა იგულისხმება კარგად ყოფნაში ვერ ვხვდები, ვერც ის ხვდება ვინც მას ამბობს და ვერც ის ვინც კითხვა დასვა. საერთოდ ვერავინ ვერაფერს ხვდება. ბაგიდან წარმოთქმულ ბგერებს, აზრის უქონლობა დასჩვევია. გონება დამალულია და მაშინ ლეგიტიმური კითხვა ჩნდება.

რა საჭიროა საერთოდ საუბარი?! თუ ვიცით, რა კითხვას რა პასუხი მოჰყვება. თუ ვიცით, დიალოგის გაგრძელების შესაძლო ვერსია, რაღატომ ვლაპარაკობთ. ვის ვატყუებთ? საკუთარ თავს?

  • დიახ, ყველას ვატყუებთ და პირველ რიგში საკუთარ თავს.

უხმო ადამიანი - მხოლოდ ამ ორ სიტყვაში შეიძლება სამყაროს დასასრული მოიაზრებოდეს, სხვა დანარჩენი უბრალოდ თავის მოტყუებაა გლობალური დათბობიდან მეორე უკიდურესობამდე. დასასრული უხმო ადამიანშია, რომელიც თავისით არაფერს აკეთებს. მისი წინასწარგანსაზღვრული ქმედებები თოლიების გუნდის მოძრაობას ჰგავს, თუმცა აქ თოლია ჯონათანი, როგორც იმედი აღარ სჩანს.

ყველა სოციალური ურთიერთობის დაღმასვლის, ქვეყნის ეკონომიკური განადგურების, მორალის გაუფასურების, გაყიდული არჩევნებისა თუ ყელგამოჭრილი ახალგაზრდა ადამიანის გვამის უკან უხმო ადამიანი დგას.

და, თუ გვინდა ჩვენში პროგრესი მოხდეს, იგი უნდა მოხდეს უპირველესად „ჩვენში“ და გარეთ გამოსული შინაგანი ხმა, შექმნის გასხივოსნებულ იდეათა მატერიას, სადაც ინდივიდუალური ხმა იქნება წარმოდგენილი, როგორც სამყაროს ცენტრი, საიდანაც ანათებს სინათლე და გვათბობს ჩვენ.

უხმო ადამიანი ყველაზე მეტს საუბრობს, არ ჩერდება. მისი გაუთავებელი და მომაბეზრებელი უხმოობა ანადგურებს აზრის დეფინიციას, ვინაიდან არაფერია იმაზე უარესი, ვიდრე საგნის იდეა, რომელიც საკუთარ თავს ვერ ახორციელებს.

ამიტომაც, ჭაობიდან ამოსვლის გზა მხოლოდ ერთია. თავდაპირველად დუმილის სწავლა და შემდეგ ხმის ამოღება. ისეთი ხმის, რომელსაც თან აზროვნება ახლავს. ან ზესიჩუმე, როგორც თვალებში წაკითხული აზროვნების აქტი.

რაც შეეხება, ქვეყნის დამოუკიდებლობის კრიტერიუმების განსაზღვრა ცოტათი სასაცილოა მისი დადგენის მეთოდი. ასევე სასაცილოა, როგორ შეიძლება იქცეს ერთ დღეში ადამიანი დამოუკიდებელ არსებად, ვგულისხმობ სრულწლოვანებას. როგორ შეიძლება დამოუკიდებლობის ცნება დაყვანილი იქნას, ზოგადი მოცემულობიდან და ბიუროკრატიულ-სოციოლოგიური მოცემულობიდან, როცა ინდივიდი დამოუკიდებლობას იწყებს სწორედ აზრობრივი ხმის გაჩენასთან ერთად. ეს ხმა კი შეიძლება ადამიანს არასდროს ჩამოუყალიბდეს, ან პირიქით ბავშვობაშივე იშვას მასში.

ვართ კი დღეს დამოუკიდებლები?

ამის პასუხად, ზევით წარმოთქმული უნივერსალური კრიტერიუმი გამოგვადგება - რამდენად ისმის ჩვენი ხმა და რამდენად გვესმის ის ჩვენ, ან/და რამდენად გვინდა, გვესმოდეს. სხვა დანარჩენი თავის მოტყუებაა, რომელშიც ისედაც საუკუნეებია ვიმყოფებით და ამ აქტის განუხორციელებლობის შემთხვევაში, კიდევ საუკუნეები მოგვიწევს ყოფნა.

დაიბრუნეთ საკუთარი ხმა, რადგან მასზე ძვირფასი არაფერი გაგაჩნიათ. დაიბრუნეთ, თუ არ გინდათ შიგნიდან გაიხრწნათ და უფუნქციო პარაზიტებივით გალიოთ ცხოვრება. დაიბრუნეთ, ახლა.

 

ლაშა ჯანჯღავა

ლაშა ჯანჯღავა