კონტაქტი

ძიება

კერპების ყანა

  • გაზიარება:
post-title

სოციალურად ასოციალური გავხდი, სანამ კულტურის წევრობას ვცდილობდი. ხშირად ემპათიური ვარ, განსაკუთრებით ცხოველების მიმართ. განა იმიტომ, რომ ადამიანები პრობლემად მესახება! არა, უბრალოდ ბევრს საუბრობენ კერპებზე, ძაღლებსა და კატებს კი კერპები არ ჰყავთ, ყოველ შემთხვევაში, ასე მგონია. ცხოველები განვითარებით იმდენად გვისწრებენ, შეიძლება, ვერ დავეწიოთ, რადგან ჩვენივე შექმნილი კერპები აღგვგავენ პირისაგან მიწისა.

ევოლუციური თუ რევოლუციური არტეფაქტების შექმნა ადამიანის შინაგანი არარაობის გადაფარვის უაზრო მცდელობაა, ,,რადგან არარაი არს დაფარული, რომელი არ გამოცხადნეს“. სწორედ ამიტომ, რაოდენ დიდიც უნდა იყოს საკუთარი თვალების მიღმა დამალვის სურვილი, ოდესმე მოგვიწევს მათი გახელა და შორიდან საკუთარ თავზე დაკვირვება (იმედია, ეს დღე დადგება).

ადამიანის ქმედების მოტივების განმაპირობებელია ყოველთვის სხვათა შეფასებაა. სიკვდილზე ფიქრშიც ზოგიერთი იმაზე ფიქრობს, რამდენად ტრაგიკულად და საკრალურად ჩაივლის ეს სიკვდილის შემდგომი გამოსათხოვარი ღონისძიება, როგორ იტირებენ სხვები, როგორ შეღებავენ ჟანგმოდებულ ჭიშკარს მეზობლები, როგორ გადაავიწყდებით რამდენიმე ჭიქის შემდეგ მკვდარი, როგორ გარდაიქმნება წუხილი დაუვიწყარ ღრეობად და ა.შ და კიდევ ა.შ.

ყველა ქმედება ჩადენილია სხვისთვის, საკუთარ თავს კი რჩება სიცარიელე - არა გაცნობიერების შემდეგ შექმნილი აზრობრივი სიცარიელე, არამედ - მისი ყველაზე პრიმიტიული დეფინიცია, უბრალოდ სიცარიელე. მთელი ცხოვრების განმავლობაში ადამიანის ერთადერთი თანამგზავრი ზუსტად ეს სიცარიელეა და ამის მიზეზი გაუცნობიერებლობაა.

კერპების დაბადებაც გაუაზრებლობის შედეგია ან კიდევ უფრო უარესი, გააზრების შიშის შედეგი. პასუხისმგებლობისთვის მუდმივი თავის არიდება კერპის შექმნას საჭიროებად აქცევს და სამწუხაროდ, კაცობრიობის ისტორიაში არ ყოფილა პერიოდი, როდესაც კერპი ერთმნიშვნელოვნად დაიმსხრა ანუ შეიქმნა აზროვნებისა და გაცნობიერების ველი.

Sapere Aude-ს ვერაფერი გავუგეთ ან გავუგეთ და ზურგი ვაქციეთ. განმანათლებლობა, როგორც გაელვება სიბნელეში, წამიერი აქტი აღმოჩნდა და საზოგადოება ბაყაყებთან ერთად კვლავ ბნელ ჭაობში გადაეშვა, გადაეშვა და ბაყაყებიც კერპებად გაიხადა, ყიყინი კი - მანტრად. და ვყიყინებთ და ვყიყინებთ ცისკენ ხელებაღმართულები, კერპები კი ვერც კი იცინიან ჩვენზე, რადგან სიცილისთვის აუცილებელია, არსებობდე.

ურემში შებმული მაიმუნები თავს კომფორტულად გრძნობენ, რადგან არ იციან, რატომ არ უნდა გრძნობდნენ თავს კომფორტულად. მიაჩნიათ რომ საკუთარ მისიას ასრულებენ კერპების წინაშე.

ყველგან მესია, ყველა კულტურაში, ხოლო კაცობრიობა ისევ ქვევრშია. ჩვენ კი, უკულტუროები, ისედაც ცოტანი, ვეჭიდებით აზროვნებისა და დამოუკიდებლობის სირთულეებს. რა მარტივად იყო შესაძლებელი, ჩვენც გვეპოვა კერპი და აზროვნების სიკვდილამდე თვალდახუჭულნი გავყოლოდით, თუმცა რთული გზა ვარჩიეთ.

საბედნიეროდ, რთული გზა ავირჩიეთ.

მიუხედავად იმისა, რომ კულტურისგან ხელდასმული იდიოტები ჩვენკენ ხელებს იშვერენ, რადგან მათსავით კერპებს არ ვემორჩილებით, „უკულტუროები“ ვაგრძელებთ თავაწეულ მსვლელობას აზროვნების ჯერ კიდევ უცნობ ადგილებში. უცნობ თუმცა ნაცნობ ადგილებში.

 

 

ლაშა ჯანჯღავა

ლაშა ჯანჯღავა