კონტაქტი

ძიება

ჯიუტები პარლამენტთან

  • გაზიარება:
post-title

„გავიდა დრო და, როგორც აღმოჩნდა,

სიჯიუტეში ყოფილა ჭკუა!“ –

ჯულიან ბარნსის „დროის ხმაურს“ როდესაც ვკითხულობდი „ჯიუტი-geut“ ახალი დაწყებული გვქონდა პარლამენტთან და ამ რომანში ციტირებული რუსი პოეტის ლექსის ეს მონაკვეთი რაღაცნაირად ძალიან ჩაიბეჭდა ჩემს გონებაში. ჯერ კიდევ მაშინ 2-3 ჯიუტი ვიდექით პარლამენტთან. ვიდექით, რადგან სხვანაირად არ შეიძლებოდა.

ვიდექით ჯიუტად და დღესაც ვდგავართ, ოღონდ უფრო მეტნი.

მას შემდეგ, რაც მთავრობის განცხადებები ერთმანეთზე უფრო ამაზრზენი და ღირსების შემლახავი გახდა ჩემთვის, უბრალოდ სახლში ვერ ვპოულობდი ადგილს პროტესტის გამოსახატად. მინდოდა რამე გამეკეთებინა, ჩემი პოზიცია დამეცვა, გამოვსულიყავი და მეთქვა რომ ასე არ შეიძლება.

მას შემდეგ რაც, სინდისის მოსმენა დავიწყე უკვე მიჭირს საკუთარი თავის მოტყუება და მირჩევნია რეალობას თვალი გავუსწორო, მოვიქცე ისე როგორც სინდისი მიკარნახებს, სწორედ პარლამენტთან დგომას მთავაზობდა სინდისიც.

ანალოგიური პროცესები მიმდინარეობდა სხვა ჯიუტებშიც და ჩვენი გადაკვეთაც სრულიად დაუგეგმავი მაგრამ არა მოულოდნელი იყო.

„ჯიუტს“ არ აქვს გამოკვეთილი წესები, მაგრამ აქვს თავისუფლების აღქმის შეგრძნება. ვიქცევით ისე, როგორც იმ კონკრეტულ მომენტში მიგვაჩნია რელევანტურად და ვცდილობთ დანერგილი წესები თუ მიდგომებისგან დავიცალოთ. ამის მიზეზი კი ისაა, რომ იდეებამდე ჩავიდეთ. ნებისმიერი ღირებულება, რისთვისაც ვერთიანდებით კულტურისა თუ კონკრეტული ადამიანებისგან იმდენად მიკერებულია გარეგანი ნიშნებით, რომ თავად მისი ფუნდამენტი იკარგება. ამ იდეების გაშიშვლება კი იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ დავინახოთ მისი ნამდვილი სახე და დავანახოთ სხვებსაც.

ამ კუთხით, ჩვენი პროტესტის ფორმაც გამორჩეულია. ამ ეტაპზე არ გვაქვს განსაკუთრებული მოთხოვნები (თუ საერთოდ გვაქვს), გვაქვს უწყინარი ერთსაათიანი პარლამენტთან შეკრების ფორმა არჩეული, სადაც ვსაუბრობთ სხვადასხვა საკითხებზე; ვკითხულობთ ფილოსოფიური თუ პოლიტიკური ტექსტების მცირე მონაკვეთებს და შემდეგ ვარჩევთ; ვთამაშობთ; სამომავლო გეგმებზე ვფიქრობთ და მეორე დღეს ისევ იგივე დროს ვიკრიბებით.

აღსანიშნავია, რომ  ჩვენთან მოდიან ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც პოლიტიკურ აქტივობებში მონაწილეობის გამოცდილება საერთოდ არ აქვთ. მოდიან ისეთებიც, ვინც ცოტათი უფრო გამოცდილები არიან. თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს პოლიტიკურად გამოცდილი ან გამოუცდელი ადამიანი, რადგან ჩვენი შეკრება როგორც უკვე ვთქვი სინდისის კარნახით ხდება, რაც ყველას თანაბარ მდგომარეობაში გვაყენებს.

ხშირად, როდესაც პოლიციის თანამშრომლები მოდიან და გვეკითხებიან ჩვენი აქციის შესახებ, არასდროს გვაქვს გამოკვეთილი პასუხი. ისინი ვერ გვიგებენ, რადგან აქამდე მსგავს გამოხატვის ფორმასთან შეხება არ ჰქონიათ. როგორც მერაბ მამარდაშვილი იტყოდა „შეხვედრა არ ხდება“, რადგან ერთი მხრივ არის ნორმატიულ მოცემულობაში და კანონებში არსებული სტატიკური მოძრაობა (უფრო უძრაობა) და მეორე მხრივ „ჯიუტების“ თავისუფალი მოქმედება, რომელიც იქმნება იმ მომენტში, როდესაც ხდება. ამ მხრივ, პოლიციელებს ხშირად ჰგონიათ, რომ ვეხუმრებით ან რაღაცას ბოლომდე არ ვპასუხობთ, თუმცა არასდროს გვქონია იმის მცდელობა, რომ ვინმე მოგვეტყუებინა, პირიქით გულწრფელად ვცდილობთ ავუხსნათ რა და რატომ გვინდა გავაკეთოთ.

ადრე, სანამ „ჯიუტი“ დაიწყებდა გამოსვლებს, ხშირად ვუერთდებოდი სხვადასხვა აქციას და გული მწყდებოდა ხალხის სიმცირის გამო. გული მწყდებოდა იმის გამო, რომ ხშირ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ საერთო მიზეზით გამოდიოდნენ ადამიანები, მათ შორის მაინც იყო დიდი უფსკრული და ეს ცალსახად ადვილი დასანახი იყო.

ამ კუთხით „ჯიუტის“ უპირატესობად ვთვლი სელინჯერისეულ დაჭერასა თუ შეხვედრას. სადაც ჰოლდენი და ფიბი საუბრობენ:

„-ეს სიმღერა თუ გახსოვს- „ნეტა ვინმეს თუ დაიჭერ ჭვავის ყანაში“ მე მინდა რომ...catcher

- „თუ დაიჭერ“ კი არა, ნეტა ვინმეს თუ შეხვდები ჭვავის ყანაში“ - გამისწორა ფიბიმ.“

ეს „დაჭერა“ თუ „შეხვედრა“ ჩემთვის ერთიდაიგივე შინაარს ატარებს, რადგან „ჯიუტები“ ვცდილობთ დავინახოთ ერთმანეთში "საერთო" შევთანხმდეთ საზოგადო ინტერესზე და ასე „დავიჭიროთ“ ერთმანეთი თავისუფლების დასაცავად.

„ჯიუტებში“ მოხვედრა ადვილია. ყოველდღე 21:00 -ზე პარლამენტთან ვიკრიბებით და როგორც იცით პარლამენტის წინ კარები არ არის, ამიტომ პირდაპირ შეგიძლიათ, დაუკაკუნებლად მოხვიდეთ.

ლაშა ჯანჯღავა

ლაშა ჯანჯღავა