კონტაქტი

ძიება

"ჯიუტი", ფრენბურთი და თეთრიწყარო

  • გაზიარება:
post-title

ახლა მე გეტყვით როგორ მოხდა.

ორი მანქანით ჩავედით „ჯიუტები“ თეთრიწყაროში ფრენბურთის სათამაშოდ.

რატომ ფრენბურთი? რატომ ასე შორს ?

მოკლედ, ბევრს საუბრობენ დემოკრატიაზე. ყველამ ყველაფერი იცის. ხალხის მმართველობაო; საარჩევნო უფლებაო; პლატონს არ უყვარდა, რადგან სოკრატე მაგას შეეწირაო და რავიცი ოღონდ ენამ ილაპარაკოს და რა გამოლევს დემოკრატიაზე სასაუბროს.

ჰოდა, დემოკრატიაზე რამდენიმე ათეული წიგნის წაკითხვის შემდეგ და პლუს ჩემი დაკვირვებებით, გონებაშიც დაილექა გარკვეული ცოდნა და ერთი რაღაც ამოტივტივდა სააშკარაოზე: დემოკრატია უნდა დაიწყოს სოფლებიდან, პატარა ქალაქებიდან და ბოლოს უნდა დასრულდეს დედაქალაქში; რომ ცენტრიდან მიწოდებული დემოკრატია ისეთი ეფექტური ვერ არის როგორც, მაღალთლიან სოფლებში მეზობლების თვითორგანიზება კონკრეტული პრობლემების მოსაგვარებლად.

ავიღე საქართველოს რუქა, ვეძებდი ისეთ ადგილს თბილისიდან დილით რომ წავსულიყავი და საღამოს უკან დაბრუნება არ გამჭირვებოდა. ჰოდა, რუქაზე თვალში მომხვდა თეთრიწყარო და უფრო დეტალურად გავეცანი ქალაქს. გარკვეული პერიოდი სულ თეთრიწყაროზე ვსაუბრობდი, ძალიან მინდოდა ჩავსულიყავი და ადგილზე გავცნობოდი ქალაქს და ერთ მშვენიერ დღეს ჩემმა მეგობარმა, რომელიც ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობს, მითხრა რომ საქმეზე მანქანით მიდიოდნენ თეთრიწყაროში და თუ სურვილი მქონდა გავყოლოდი.

სურვილი მქონდა კი არა ძალიან დიდი სურვილი მქონდა, ხოდა წავედით.

დაახლოებით ერთი საათი მომიწია მარტო ყოფნა და ქალაქის ცენტრი შემოვიარე. უნდა აღვნიშნო რომ მთელი ქალაქი ხეებშია მოქცეული და ძალიან ლამაზი, ცოტა მისტიკური გარემო იქმნება. ფეხით შემოვიარე ბაზარი, მაღაზიები, გამოველაპარაკე ხალხს, გადავიღე ფოტოები და დავბრუნდი ახალგაზრდულ ცენტრში, სადაც ახალგაზრდები მიუსაფარი ძაღლებისთვის სახლებს აკეთებდნენ.

ის დღე ამით დასრულდა, თუმცა არ დასრულებულა ჩემი და თეთრიწყაროს ამბები.

დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ რიმას, ახალგაზრდული ცენტრის წევრს შევეხმიანე და ვუთხარი, რომ მინდოდა „ჯიუტებთან“ ერთად ჩავსულიყავი თეთრიწყაროში და გაგვეცნო ახალგაზრდებს ერთმანეთი, რიმაც სიამოვნებით დამთანხმდა.

ვიფიქრეთ ფორმატზეც. მე იდეა მქონდა ფეხბურთი გვეთამაშა და შემდეგ ცოტა გველაპარაკა, მაგრამ რიმამ ციყვების პარკის ფრენბურთის სტადიონის ფოტო რომ გამომიგზავნა, იმდენად ლამაზი ადგილი იყო გადავწყვიტეთ ფეხბურთის მაგივრად ფრენბურთი ყოფილიყო ჩვენი გაცნობის ფორმა.

კვირა დილით „ჯიუტები“ შევიკრიბეთ პარლამენტთან და ორი მანქანით წავედით თეთრიწყაროში ფრენბურთის სათამაშოდ. გზად  ასურეთში, გერმანული ქუჩაც (Schwabstrasse) დავათვალიერეთ და დაახლოებით ერთ საათში ვიყავით ციყვების პარკში.

თავიდან, როდესაც უცნობი ადამიანები ხვდებიან ერთმანეთს ცოტა უცნაური გარემო იქმნება, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ეს მალე გადაილახა, თეთრიწყაროელები და „ჯიუტები“ ერთმანეთში გადავნაწილდით, სამი თუ ოთხი გუნდი გამოვიდა და მინი ჩემპიონატივით მოვაწყვეთ.298168843_1205563636959116_2528488458412635956_n

ძალიან ბევრი ვითამაშეთ.

სიმართლე გითხრათ სამომავლო გეგმებზე არც გვისაუბრია, უბრალოდ შევთანხმდით რომ საერთო ჯგუფი გაგვეკეთებინა და იქ გვეკონტაქტა, ერთმანეთი არ დაგვეკარგა.298911276_1674136242969171_3163205359727036983_n

შემდეგ წამოვედით თბილისში.

ხო, სულ დამავიწყდა. საუბარი დემოკრატიაზე დავიწყეთ და თეთრიწყაროში ფრენბურთით დავამთავრეთ, თუმცა არის მათ შორის კავშირი. დემოკრატიის განხორციელება შესაძლებელია, თუ ადამიანები შეძლებენ რაიმე ფორმით ერთმანეთთან დაკავშირებას.

პირველი ნაბიჯი კომუნიკაცია და საუბარია, მეორე ნაბიჯი კი დაგეგმვა და თანამშრომლობა, ამიტომ ვიმედოვნებ ჩვენი და თეთრიწყაროს ურთიერთობა კიდევ გაგრძელდება.

კიდევ შევხვდებით.

ლაშა ჯანჯღავა

ლაშა ჯანჯღავა